English / ქართული / русский /
მაია როხვაძე
ერთობლივი საწარმოების არსი, ტიპები, ფორმირების ეტაპები

ანოტაცია

სტატიაში მოცემულია ერთობლივი საწარმოების, როგორც საერთაშორისო ბიზნესის ერთ-ერთი ფორმის, დახასიათება, მისი გავრცელების მიზეზი და მიზანი, ერთობლივი საწარმოების ტიპები და ფორმირების ეტაპები.

სტატიას წითელ ხაზად გასდევს ავტორის აზრი იმის შესახებ, რომ როცა ქვეყანას საკუთარი ინვესტიციები არ ყოფნის, მან ეკონომიკური ზრდა უცხოური ინვესტიციებით უნდა განახორციელოს. ამის ყველაზე საუკეთესო გზა არის უცხოელ ინვესტორთან ერთად ერთობლივი საწარმოს დაფუძნება.

საკვანძო სიტყვები: ერთობლივი საწარმო, უცხოური ინვესტიცია, პარტნიორი

შესავალი

აღმოსავლეთ ევროპის ყოფილმა სოციალისტურმა ქვეყნებმა იმის კარგი მაგალითი აჩვენეს, თუ  როგორ შეუძლია განვითარდეს ქვეყანას განვითარდეს ერთობლივი საწარმოების გახსნით.  პარტნიორებად მათ მაღალგანვითარებული ქვეყნების ინვესტორები აირჩიეს, რომელთა თავისუფალი კაპიტალით და ახალი ტექნოლოგიებით თავის ქვეყნებში (უნგრეთი, ჩეხეთიდასხვები) მოაწყვეს ექსპორტზე მომუშავე ერთობლივი საწარმოები. მათი ეს გამოცდილება ნიმუში უნდა იყოს საქართველოსთვის.

***

ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაში სამეურნეო კავში-რებისა და სტრუქტურების გადახლართვის პროცესი შესამჩნევად გაძლიერდა. ამასთან, გეოგრაფიულმა ფაქტორმა რამდენადმე დაკარგა თავისი მნიშვნელობა. ამ პროცესის საწყის მაორგანიზებელ ძალად საერთაშორისო საქმიანობის ფირმები მოგვევლინა, რომლებიც თანამედროვე საგარეო ბიზნესის თავისებურებებსა და მასშტაბებს განასახიერებენ. სპეციალისტების აზრით, არ არის აუცილებელი ისინი მაინცდამაინც მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების სახით წარმოვიდგინოთ, ამ ცნების ქვეშ ყოველთვის საწარმოს გრანდიოზული მასშტაბები არ იგულისხმება (ჯოლია გ., 1998, 285). პრაქტიკა აჩვენებს, რომ არსებობს შედარებით მცირე სიდიდის საერთაშორისო ფირმები, რომლებიც ადგილობრივი და უცხოური ქვეყნის ერთობლივი კაპიტალით იქმნებიან და, განსხვავებით ტრანსნაციონალური კომპანიებისგან, არავითარ საფრთხეს არ უქმნიან მათი განლაგების ქვეყანას. ასეთი საწარმოები, რომელთაც ერთობლივი საწარმოები ეწოდებათ, განსაკუთრებით სჭირდებათ განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში იმყოფებიან და რომლებსაც მსოფლიო საბაზრო ეკონომიკაში სრულყოფილი ჩართვისთვის საკუთარი საკმარისი ინვესტიციები არ გააჩნიათ. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა არის საქართველო.

ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს საქართველოში რეალურად არ არის ჩამოყალიბებული ქართველ ინვესტორთა მძლავრი ფენა, რომელიც მოახდენს მსხვილმასშტაბიანი საინვესტიციო პოლიტიკის წარმოებას საქართველოში, ამიტომ მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე. ამის გარეშე ეკონომიკური ზრდა შეუძლებელია. ამ ფონზე მეტად აქტუალურია ერთობლივი საწარმოების ფორმირების მეცნიერული და პრაქტიკული ხასიათის ღონისძიებათა შემუშავება, მითუფრო, რომ ერთობლივ საწარმოთა ეფექტიანობა საქართველოში არ იქნება დაბალი, რადგან სამუშაო ძალა ჩვენთან იაფია.

ერთობლივი საწარმო, ანუ სტრატეგიული კავშირი წარმოადგენს ორ ან რამდენიმე მხარეს შორის პარტნიორული ურთიერთობების ორგანიზაციის ფორმას, რომელშიც საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი უცხოელი მხარის (ინვესტორის) საკუთრებას წარმოადგენს (ლობჟანიძე ვ., 2011, 257).

თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებულია ერთობლივი საწარმოების შემდეგი ტიპები:

  • ერთი და იმავე ქვეყნის კომპანიები აფუძნებენ ერთობლივ საწარმოს სხვა ქვეყანაში;
  • სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები აფუძნებენ ერთობლივ საწარმოს სხვა ქვეყანაში;
  • უცხოური და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოები აფუძნებენ ერთობლივ საწარმოს;
  • ერთობლივი საწარმო ფუძნდება უცხოური და ადგილობრივი კერძო კაპიტალის შერწყმით.

ერთობლივი საწარმოს შექმნა მრავალმხრივი, რთული, ხანგრძლივი და მრავალეტაპიანი პროცესია. ის მოითხოვს, უპირველეს ყოვლისა, მიზნების სწორ განსაზღვრას და მათი რეალიზაციის გზებისა და მოსალოდნელი შედეგების დასაბუთებას. ამ სამუშაოთა ეტაპები და თანმიმდევრობა მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.

ცხრილი 1

ერთობლივისაწარმოსფორმირებისეტაპები (ლობჟანიძე ვ., 2011, 261) 

  1. ერთობლივი საწარმოს მიზნები.
  • ერთობლივი საწარმოს სტრატეგიული მიზნების განსაზღვრისა და მათი მიღწევის ვადების დადგენა.
  1. დანახარჯების სარგებლის განსაზღვრა.
  • ერთობლივი საწარმოს უპირატესობებისა და ნაკლოვანებების შეფასება განსაზღვრული მიზნების მიღწევის სხვა წესებთან შედარებით (მაგალითად, ლიცენზირებასთან) შემდეგი კრიტერიუმების პრიზმაში:

ü ა) დაფინანსება;

ü ბ) ძალისხმევის გაერთიანების ეფექტი (სინერგია);

ü გ) მართვა;

ü დ) რისკის შემცირება;

ü ე) კონტროლი;

ü ვ) ბაზარზე შეღწევის დაგეგმილი ვადა;

ü ზ) სხვა უპირატესობანი/ნაკლოვანებანი.

  1. პარტნიორის (პარტნიორების) არჩევა.
  • Ø ა) პარტნიორის სასურველი მახასიათებლის განსაზღვრა;
  • Ø ბ)კანდიდატების გამოვლინება ერთობლივი საწარმოსათვის და მათი მცირე სიის შედგენა;
  • Ø გ) ერთობლივი საწარმოსათვის პოტენციური პარტნიორების სელექცია და შეფასება;
  • Ø დ) პირველდაწყებითი გაცნობა/მოლაპარაკებები;
  • Ø ე) პარტნიორის არჩევა.
  1. ბიზნესგეგმის დამუშავება.
  • Ø შეთანხმების მიღწევა სხვადასხვა საკითხების ფართო წრეზე.
  1. ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმების პირობების განხილვა.
  • Ø საბოლოო შეთანხმება ბიზნესგეგმაზე.
  1. კონტრაქტის შედგენა.
  • Ø შეთანხმების ფორმალიზაცია იურიდიული კონტრაქტის სახით. გამაგრებული მხარეების ვალდებულებებით და დამატებითი შენიშვნით შეთანხმების პირობებში ცვლილებების შემდგომი შეტანის შესაძლებლობის შესახებ.
  1. ეფექტიანობის შეფასება.
  • Ø კონტროლის სისტემის შემოღება საწარმოს ეფექტიანობის შეფასებისათვის.

ეტაპი 1: ერთობლივი საწარმოს მიზნები. ერთობლივი საწარმოები იქმნებიან მრავალი მიზეზით, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: ახალ ბაზრებზე შესვლა, საწარმოო დანახარჯების შემცირება და ახალი ტექნოლოგიების სწრაფი დამუშავება და გავრცელება.

ახალ ბაზრებზე გასვლა. ბევრი კომპანია აცნობიერებს ახალ ბაზრებზე გასვლის მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებისათვის მათ განკარგულებაში არსებული ცოდნისა და რესურსების არასაკმარისობას. გარდა იმისა, რომ ცდილობს დამოუკიდებლად მოაგვაროს ეს პრობლემები, კომპანიამ შეიძლება მიმართოს მარკეტინგული საქმიანობის მოთხოვნილი ცოდნისა და გამოცდილების მქონე სხვა ორგანიზაციებს.

საწარმოო დანახარჯების შემცირება. ერთობლივ საწარმოში მონაწილეობა კომპანიებს საშუალებას აძლევთ, მასშტაბის ეფექტის მიღწევის ან სიმძლავრის უფრო სრულად დატვირთვისათვის გააერთიანონ კაპიტალი ან მათ განკარგულებაში არსებული საწარმოო სიმძლავრე და ამ გზით მიაღწიონ საწარმოო დანახარჯების შემცირებას.

ტექნოლოგიების დამუშავება და გავრცელება. ერთობლივი საწარმოების ორგანიზაციის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს ტექნოლოგიური„ნოუ-ჰაუს“ ორ ან რამდენიმე კომპანიაში ერთობლივი გამოყენების შესაძლებლობა ისეთი პროდუქტების დამუშავებისათვის, რომელთა შექმნა მხოლოდ ერთი კომპანიის ძალისხმევით ტექნოლოგიურად შეუძლებელი იქნებოდა.

ეტაპი 2: დანახარჯების/მოგების ანალიზი. მონაწილეობა ერთობლივ საწარმოში შეიძლება დასახული მიზნების მიღწევის საუკეთესო წესი არ აღმოჩნდეს. ამიტომ ის უნდა შევადაროთ შეღწევის სხვა სტრატეგიებს. ასეთი ანალიზი უნდა დაემყაროს სავარაუდოდ (პოტენციური) შუამავლების არჩევის კრიტერიუმებს.

ეტაპი 3: პარტნიორის (პარტნიორების) არჩევა. როდესაც დავრწმუნდებით, რომ საწარმოს ორგანიზაცია წარმოადგენს ფირმის მიზნების მიღწევის საუკეთესო საშუალებას, უნდა შევუდგეთ ერთობლივი საწარმოსათვის პარტნიორის ძებნას. ეს პროცესი, ჩვეულებრივ, ხუთი ბიჯისგან შედგება.

პირველი ბიჯი:პარტნიორის სასურველი მახასიათებლების განსაზღვრა. ჩვეულებრივი კომპანიები თვლიან აუცილებლად, რომ პარტნიორს რესურსების შემდეგი სახეებიდან ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე:

  •  „ნოუ-ჰაუ“ პროდუქტების დამუშავების სფეროში;
  • გამოცდილება გასაღების ან სერვისულ საქმიანობაში;
  • დაბალხარჯებიანი საწარმოო სიმძლავრე;
  • საწარმოო პოტენციალის სტრატეგიულად აუცილებელი დონე;
  • რეპუტაცია და აღიარებული ბრენდი;
  • ბაზრის ცოდნა და მასზე შეღწევადობა;
  • თავისუფალი ფინანსური სახსრები.

მეორე ბიჯი:ერთობლივი საწარმოსათვის პარტნიორობის კანდიდატების გამოვლენა. მრავალ შემთხვევაში მუშაობა პარტნიორის ძებნის ამ სტადიაზე მიმდინარეობს სათანადო გულმოდგინების გარეშე. პირველივე კანდიდატი, ჩვეულებრივი საქმიანი პარტნიორების კარნახით, ბანკის ან კოლეგების რეკომენდაციით, მოცემულ ქვეყანაში უკვე აწყობილი ბიზნესით, ხშირად აღმოჩდნება ის, ვისთანაც კომპანია იწყებს მოლაპარაკებას, რეალური სელექცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს ისე, როგორც კანდიდატის მოტივირების და შესაძლებლობების ღრმა შესწავლა.

მესამე ბიჯი: ერთობლივი საწარმოსათვის სავარაუდო პარტნიორების სელექცია და შეფასება. პარტნიორების მიერ ერთიმეორის კარგი ცოდნა პირველდაწყებით წანამძღვრებს ქმნის წარმატებით თანამშრომლობისათვის, მე-2 ცხრილში წარმოდგენილია სავარაუდო პარტნიორების ეფექტიანობის შეფასებისათვის გამოყენებული ზოგიერთი კრიტერიუმი.

ცხრილი 2

სავარაუდო ინფორმაცია პარტნიორების შესწავლისათვის 

  1. ფინანსები.
  • Ø ფინანსური ისტორია და საერთო ფინანსური მდგომარეობა.
  1. ორგანიზაცია.
  • Ø ორგანიზაციის სტრუქტურა.
  1. ბაზარი.
  • Ø რეპუტაცია ბაზარზე და კონკურენტებს შორის კვლევითი სამუშაოების განხორციელება.
  1. წარმოება.
  • Ø მფლობელობაში არსებული სადგომების/ქარხნების მდგომარეობა. წარმოების ეფექტიანობა/ საწარმოო ფართობების განლაგების მოხერხებულობა.
  1. ინსტიტუციური დონე.
  • Ø კავშირი სამთავრობო და საქმიან წრესთან (გავლენა).
  1. სავარაუდო პოზიცია მოლაპარაკებების განხორციელებისას.
  • Ø შემწყნარებლობა თუ სიმკაცრე საკუთარი ინტერესების ბოლომდე დაცვაში.

 

მეოთხე ბიჯი: პირველდაწყებითი ნაცობობა/მოლაპარაკებები. კომპანიებს შორის ურთიერთობები, არსებითად, ადამიანთა შორის ურთიერთობებია, კომპანიების მაღალი ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ცდილობენ, პირადად შეხვდნენ სავარაუდო პარტნიორების სიიდან დარჩენილ ორი ან სამი ფირმის მაღალი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას პირადი ფაქტორების არსებობას საქმიან ურთიერთობებში. საკითხების განხილვა ეხება როგორც საზოგადოებრივ, ასევე, პირად ინტერესებს, ამიტომ ნებადართულია, განისაზღვროს მოლაპარაკების მონაწილეთა შემთავსებლობის დონე.

მეხუთე ბიჯი: პარტნიორის არჩევა. პარტნიორი უნდა ფლობდეს იმ რესურსებს და შესაძლებლობებს, რომლის უკმარისობას განიცდის სხვა მხარე. იდეაში პარტნიორების უპირატესობა არ შეიძლება გადაიკვეთოს, რამდენადაც მხოლოდ ასეთი უპირატესობა შეიძლება იყოს დაცული და შეთანხმებული  ხანგრძლივი დროის მანძილზე. ძირითადი მიზანია პარტნიორების ძალისხმევის გაერთიანების ოპტიმა¬ლური სქემის მოძებნა და მათ მიერ ურთიერთსარგებლიანობის მიღწევა.

ეტაპი 4: ბიზნესგეგმის დამუშავება. ერთობლივი საწარმოს დაფუძნებამდე უნდა შეთანხმდეს შემდეგი საკითხები:

  • Ø საკუთრების განაწილება (დიდი ნაწილი, ნაკლები ნაწილი, 50-50);
  • Ø მართვა (დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა, ორგანიზაცია და ა. შ.);
  • Ø წარმოება (მოწყობილობათა დაგეგმვა, სწავლება და ა. შ.);
  • Ø მარკეტინგი (4P - მარკეტინგის კომპლექსი, ორგანიზაცია).

ეტაპი 5: ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმების პირობების განხილვა. როგორც პირველ სქემაზეა ნაჩვენები, საბოლოო შეთანხმების პირობები დამოკიდებულია საბაზრო ხელისუფლების პოტენციურ პარტნიორებთან თანაფარდობაზე.

  სქემა 1. პარტნიორებს შორის ურთიერთობები ერთობლივი საწარმოს შექმნის პროცესში

 

 ეტაპი 6: კონტრაქტის შედგენა. ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მორიგების მიღწევის შემდეგ შეთანხმების პირობები აუცილებელია დაფიქსირდეს წერილობითი სახით, მხარეების ვალდებულებები გამაგრებული უნდა იყოს იურიდიული კონტრაქტის ფორმით. კონტრაქტში იწერება როგორც პარტნიორების „შეერთების“ პირობები, ასევე მათი „გაშორების“ პირობებიც, განისაზღვრება აგრეთვე ერთობლივი საწარმოს ბედი.

ეტაპი 7: ეფექტიანობის შეფასება. ერთობლივი საწარმოს მუშაობის ეფექტიანობის შეფასება დაკავშირებულია განსაზღერულ სიძნელეებთან. მენეჯერები ხშირად გაუგებრობაში ვარდებიან, ერთობლივ საწარმოს აფასებენ როგორც კომპანიის შიდა ქვეგანყოფილებას, რომლებიც მუშაობენ მკვეთრად განსაზღვრული სტაბილური ფუნქციების და რისკის თითქმის სრულიად არარსებობის პირობებში. ამ პირობებში წმინდა მოგების ზომა, არსებული ფულადი რესურსების მოძრაობა, ბაზრის წილი და სხვა ტრადიციული საფინანსო მაჩვენებლები ედარება ეფექტიანობის მიზერულ კრიტერიუმებს. მაგრამ ამგვარ კრიტერიუმებზე ორიენტაცია შეიძლება არასაიმედო აღმოჩნდეს ორი მიზეზით. პირველი- ისინი ასახავენ საწარმოს მუშაობის ეფექტიანობას დროის მოკლე შუალედურ მონაკვეთში, ხოლო ფინანსური მაჩვენებლების მაქსიმიზაციისაკენ მისწრაფება საწყის ეტაპზე შეიძლება უარყოფითად აისახოს გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულ კავშირის პერსპექტივაზე. მეორე- ზოგიერთი ერთობლივი საწარმოს ეფექტიანობის განსაზღვრა არ არის ადვილი შესაძლებელი რაოდენობრივი მაჩვენებლების თვალსაზრისით. 

დასკვნა

წინამდებარე სტატიაში ერთობლივი საწარმოების არსის, ტიპების და ფორმირების ეტაპების განხილვით ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას, რომ მათი სტატუსი და შექმნის სტადიებიც ყველა ქვეყანაში ერთნაირია, რაც მეტად აადვილებს სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორების ურთიერთდაახლოებას და მათ მიერ მათთვის უკვე ცნობილი ტექნოლოგიით ერთობლივი საწარმოს შექმნას. ეს გზა და ეს მეთოდები, სასურველია, ფართოდ გამოიყენონ ქართველმა ბიზნესმენებმაც.

  გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. ლობჟანიძე ვ., 2011, საერთაშორისო ბიზნესის მართვა და რეგულირება, თბილისი, „ლამპარი“, გვ. 257.
  2. ჯოლია ვ., 1998, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები, თბილისი, „მეცნიერება“, გვ. 285.